logo
ENG



"გვტოვებენ ულუკმაპუროდ" - შეზღუდვების არდამორჩილების გამო ფიტნესკლუბ რეფორმას აჯარიმებენ

28 ნოე 202016:04
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/28/7lzm6tibtcy0zzk.jpg

ფიტნესკლუბ "რეფორმაში" ახალი საკარანტინო შეზღუდვების დაუმორჩილებლობის გამო პოლიცია და შრომის ინსპექცია არის მისული. ისინი დარბაზის 10 000 ლარით დაჯარიმებას ცდილობენ. 

ფიტნესკლუბის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ახალი შეზღუდვების გამო კლუბის დახურვას და მუშაობის გაჩერებას არ აპირებს, რადგან იქ დასაქმებული ადამიანები ულუკმაპუროდ დარჩებიან. იგი ამბობს, რომ ჯარიმის ოქმზე ხელის მოწერას არ აპირებს. 

"ვირუსის წინაშე გვტოვებენ ულუკმაპუროდ, მშივრებს და თან არც გვეუბნებიან, სახლში რომ დავრჩებით, მერე რა ხდება. ის ხალხი, რომელიც აქ მუშაობს, შრომობს, ოჯახებს არჩენს. ჩვენთან, მაგალითად, 18 კაცია დასაქმებული და 18 ოჯახი შემოსავალს იღებს. პასუხს ვერ მცემენ, რომ, ვთქვათ, დავხურე, რა ხდება შემდეგ? ეს ხალხი რომ მიდის სახლში 2 თვე რითი უნდა ირჩინოს თავი?", - ამბობს ფიტნესკლუბის წარმომადგენელი. 

მისი თქმით, დაუმორჩილებლობაზე ხელს ჯარიმა და პატიმრობის მუქარა ვერ ააღებინებს. 

"არავითარ შემთხვევაში, არ ვაპირებთ დამორჩილებას, რა თქმა უნდა. ვერც ჯარიმით შემაშინებენ, ვერც დაჭერით იმიტომ, რომ მე ვიცი, რომ სიმართლე ჩემს მხარეზეა", - ამბობს ის. 

მთავრობის გადაწყვეტილებით, მომავალი ორი თვით, სხვა არაერთი დაწესებულების მსგავსად, საქმიანობის განხორციელება ფიტნესკლუბებსაც ეზღუდებათ. ახალი საკარანტინო შეზღუდვები 28 ნოემბრიდან 2021 წლის 31 იანვრამდე ამოქმედდება. 

ახალი შეზღუდვების სრული ჩამონათვალი ნახეთ აქ


close დახურვა